უძველესი ერების ისტორიული ჩანაწერებში ყველგან გვხვდება სიტყვა „ხიდი“, როგორც კომუნიკაციისა და ურთიერთობის მთავარი წყარო. საქართველოში ხიდმშენებლობა უძველესი დროიდან ყოფილა განვითარებული, ბევრი შუა საუკუნის ხიდი კი ახლაც მოქმედია.
ხიდების მშენებლობის მეთოდი, საქართველოში, მთიანმა რელიეფმა განსაზღვრა. თავდაპირველად, მცირე ნაკადულზე გადასასვლელად, ხის მორი გამოიყენებოდა, შემდეგ, მათ ნაცვლად უფრო რთული ხის კოჭოვანი ხიდების აგება დაიწყეს. ხიდმშენებლობის განვითარებასთან ერთად, დროებითი ხიდები ქვის ხიდებით იცვლებოდა. ძველი ქვის თაღოვანი ხიდების უმთავრესი ნაწილი - თაღი, ძირითადად, დაუმუშავებელი ქვის ფილებით, ყოველგვარი არქიტექტურული სამკაულის გარეშეა ამოყვანილი. შემაკავშირებელ მასალად გამოიყენებოდა კირის ხსნარი. ამგვარი ხიდებისთვის, გათლილი ქვის ნაცვლად, უმეტესწილად, იყენებდნენ იაფ ყორე ქვასა და დუღაბს.
ხიდები, ძირითადად, ძველ სავაჭრო-საქარავნო გზებზეა აშენებული, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ქალაქებსა და სოფლებს. თუ თაღოვანი ხიდების ტოპოგრაფიას დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ მათი დიდი ნაწილი სწორედ აჭარის, ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და ჭანეთ-ლაზეთის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული.
ბუნებრივია, აჭარა, როგორც ტაო-კლარჯეთის შემადგენელი ნაწილი, ჩართული იყო ამ პროცესში და აქ ხდებოდა საკუთარი ნაწარმის რეალიზაცია და იმპორტი. ვაჭრობის განვითარება კი მოითხოვდა როგორც შიდა, ისე გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი გზების მოწესრიგებას. ეს კარგად ესმოდათ ქართველ მეფეებს და როგორც ჩანს დიდ ხარჯებსაც იღებდნენ გზების გასაყვანად, ხიდებისა და ქარვასლების ასაშენებლად.
არსებული მონაცემების მიხედვით, დღეისათვის აჭარაში 35-მდე ხიდია ფიქსირებული. მათი დიდი ნაწილი დანგრეულია, 15-მდე ხიდი კი შედარებით კარგად არის დაცული.
მდებარეობა: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, კინტრიშის ხეობა.
ბათუმიდან 44 კმ.
ხიდი მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის ხეობაში. ხიდთან მივყავართ ნაკრძალისკენ მიმავალ ფოთლოვანი ტყისა და კოლხური ბზით დაფარულ გზას. ხიდი გზის პირასაა. აქვს მკვეთრად გამოხატული ნახევარწრიული მოხაზულობა. ნაგებია თლილი ქვითა და ყორე-ქვით კირის დუღაბზე. თაღი და ხიდის ნაპირები მოწყობილია სოფთად თლილი ქვის კვადებით. ხიდი ეყრდნობა ბუჯებს, რომლებიც ორივე ნაპირზე კლდეშია ჩაჭრილი. საყურადღებოა, რომ თაღის ქვედა პირისათვის განკუთნილი ქვები რკალის წყობაში გამოყენებული ქვების სიმეტრიულადაა ჩალაგებული, ისე რომ მთლიანი თაღი ერთ მონოლითად გამოიყენება. ამავე დროს ეს ქვებიც კარგადაა დამუშავებული და საპირე ქვებთან ერთად ძალიან სასიამოვნო ელფერს აძლევს მთლიან ნაგეგობას. გამოირჩევა მსუბუქი კონსტრუქციებით და დახვეწილი პროპორციებით. ხიდის სიგრძე ბუჯიდან ბურჯამდე 14,6 მ.-ია . სავალი ზედაპირის სიგრძე 28,1 მ. სიგანე შუაწელზე 2.6 მ. სიმაღლე წყლის დონიდან თაღამდე 7,9 მ. 2008 წელს ხიდს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.
ხიდები ქობულეთი
ხიდები ქობულეთი
ხიდები ქობულეთი