ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ქალაქ ბათუმის ძველ, ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, ზღვასთან და ნავსადგურთან ახლოს.ეს გამორჩეული ნაგებობა 1952 წელს, არქიტექტორ ლეონიდ ტეპლიცკის პროექტით აშენდა. თეატრი 600 მაყურებელზეა გათვლილი და შეზღუდული შესაძლებლობის პირებზეც ადაპტირებულია.
კლასიკურ მოტივებზე აგებული გრანდიოზული შენობა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. მოხდენილი კაპიტელებით დამშვენებული მაღალი სვეტები მას დიდებულ იერს სძენს. ასევე შთამბეჭდავია ნატიფი ორნამენტები, რომლითაც უხვადაა შემკული თეატრის შიდა თუ გარე ფასადები.
შესასვლელთან, კვარცხლბეკზე დგას ორი ლომის სკულპტურა, რომლებიც წნორში, ყორღანის გათხრების დროს არის ნაპოვნი და ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულით თარიღდება.
თეატრს განსაკუთრებულ იერსახეს ინტერიერის მოხატულობაც ჰმატებს,რომელიც მხატვარ ბენიამინ გორდეზიანს ეკუთვნის.
სპეციალური განათების საშუალებით კი თეატრის შენობა ღამით მისტიკურ და იდუმალ იერს იძენს.
ბათუმის თეატრალური ხელოვნების ისტორია თავისი არსებობის 130 წელზემეტს ითვლის, თუმცა მისი ფესვები უფრო შორეული წარსულიდანაც იღებს სათავეს.
ბათუმში პირველი ქართული წარმოდგენა ადგილობრივმა სცენის მოყვარეებმა 1879 წლის 20 ივლისს გამართეს და ამით ჩაეყარა საფუძველი ქართულ თეატრსაჭარაში. თეატრის პირველი შენობა 1884 წელს აიგო, რომელიც 450 მაყურებელს იტევდა. 1912 წლის 28 აგვისტოს მსახიობთა კრებამ დააფუძნა მსახიობთა ამხანაგობა, რომლის რეჟისორად არჩეულ იქნა შალვა დადიანი. 1912 წლიდან ბათუმში სეზონურად გამოდიოდნენ პროფესიონალ მასახიობთა ჯგუფები. 1913 წელს ბათუმში დაარსდა დრამატული საზოგადოება. დრამატული საზოგადოების გამგეობამ შეადგინა პროფესიონალთა დასი, რომელსაც შალვა დადიანი რეჟისორობდა. ბათუმის დრამატული დასის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მსახიობები.
1921 წელს ბათუმის თეატრს „აკადემიურის“ წოდება მიენიჭა. 1937 წლის 18 მარტს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ახალი თეატრი, რომლის დასი რუსთაველის თეატრის დრამატულ სტუდიაში გამოზრდილი ახალგაზრდებისგან შედგებოდა.
1959 წელს ბათუმის თეატრს ილია ჭავჭავაძის სახელი მიენიჭა. თეატრი, რომელმაც არაერთი ლამაზი და დასამახსოვრებელი წარმოდგენით გაანებივრა მაყურებელი, დღემდე ფუნქციონირებს და აგრძელებს ტრადიციას. წლების განმავლობაში, აჭარის დრამატულ სცენაზე სცენის ნამდვილი დიდოსტატები მოღვაწეობდნენ: იუსუფ კობალაძე, ნუნუ თეთრაძე, მანუჩარ შერვაშიძე, ნინო საკანდელიძე, გაიოზ გოგიბერიძე, მურად ხინიკაძე, იური ცანავა, ბერდია ინწკირველი და სხვები.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ასევე ფუნქციონირებს საქართველოს სახალხო არტისტის, გაიოზ (კუკური) გოგიბერიძის სახელობის მუზეუმი, სადაც დაცულია თეატრის შემოქმედებითი საქმიანობის ამსახველი ექსპონატები, საარქივო მასალები, ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ასევე თეატრში მოღვაწე პერსონალის პირადი საქმეები, სარეპეტიციო და წარმოდგენების დღიურები, სპექტაკლების პროგრამები, აფიშები, ბუკლეტები და ალბომები.
თეატრი ბათუმი