თუ გსურთ ჩასწვდეთ ზღვისპირას გარინდებული ქალაქის იდუმალებას, დატკბეთ ბათუმის ქალაქური ცხოვრებით და ულამაზესი არქიტექტურით, სადაც იდეალურადაა შერწყმული ევროპულ - აზიური სტილი, აუცილებლად  ქალაქისძველ უბანს უნდა ეწვიოთ, რომელსაც ძველი ბათუმის სახელითაც ვიცნობთ.  

ძველი ბათუმის ვიწრო, მოკირწყლული ქუჩები, კოპწია აივნებით დამშვენებული სახლები და მათ წინ თავმომწონე ულამაზესი კამელიები დღის ნებისმიერ დროს შთამბეჭდავად გამოიყურება.

ძველი ბათუმის ტერიტორიაზე არაერთი ღირსშესანიშნაობა მოგხიბლავთ. აქ სეირნობისას შეგიძლიათ ისარგებლოთ საბაგიროთი, რომლის ბოლო სადგურზე მოწყობილია გადმოსახედი, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება.

ყველასთვის ცნობილია, რომ ბათუმი მულტიკულტურული ქალაქია. აქ სეირნობისას, თქვენი ყურადღება შეიძლება მიიქციოს ღვთისმშობლის ტაძარმა თუ ებრაულმა სინაგოგამ, აქვე ნახავთ მინარეთით შემკულ მეჩეთს, პატარა სომხურ ტაძარს თუ გოტიკურ სტილში აგებულ კათოლიკური სალოცავის ახალშენობას.

ძველი ბათუმის კიდევ ერთი გამორჩეული სანახაობაა ასტრონომიული საათი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის კოშკზეა განთავსებული. საათი განსხვავებულია იმით, რომ ის დროის ჩვენებასთან ერთად, ასტრონომიულ ინფორმაციასაც გვატყობინებს - მზის, მთვარის, ზოდიაქოს თანავარსკვლავედისა და პლანეტების განლაგებას.

ძველ ბათუმშია ასევე პატარების საყვარელი ადგილი - თოჯინების თეატრი. ბათუმის ბიბლიოთეკის ძველ და ულამაზეს შენობაში კი მკითხველს უნიკალური წიგნების კოლოსალური რაოდენობა ელოდება. იქვე ახლოსაა ბათუმის ხელოვნების, ისტორიული და არქეოლოგიური მუზეუმებიც. საღამოს,ლამპიონების შუქზე, შეგიძლიათ გაიაროთ პორტის სანაპიროზე, ბულვარში, ბათუმის ტბის პირას, ეწვიოთ იახტ კლუბს და გაისეირნოთ კატარღით, კაფე,,ფანტაზიაში", იგივე ,,რვაფეხაში“ მიირთვათ ნამდვილი ბათუმური ყავა. კაფე საბჭოთა მოზაიკის ერთ-ერთ საუკეთესო და უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს.  

ძველ ბათუმში, ერას მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი და ახალი არქიტექტურული შენობების მრავალსახეობა დაგხვდებათ, სადაც თქვენს ყურადღებას ასევე მიიქცევს კინოთეატრ ,,აპოლოს" უნიკალური შენობა, რომელიც 1911 წლიდან ამშვენებს ქალაქს. თავის დროზე ქალაქის თვალსაჩინო შენობად იქცა ზღვის პირას მდებარე, ძმები როტშილდების მიერ აგებული გრანდიოზული ორსართულიანი ნაგებობა, რომელშიც ამჟამად ბათუმის სამშობიარო სახლია განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ თითქმის ასამდე ქართული თუ უცხოური ფილმის ეპიზოდებია გადაღებული ზღვისპირა ქალაქის ძველ ქუჩებსა თუ სანაპიროზე. მათ შორის გამორჩეულია: ,, მონანიება", ,,ზღვის შვილები ", ,, სიყვარული დამტრედები ", ,,ზღვის მგელი", ,, მანანა " , ,,ორი ოჯახი", ,,ფესვები", ,,მოცურავე", ,,მევლუდი", ,,მიზანი", ,,ზღვის ბილიკი",,ძახილი" და ა.შ.

ძველი ბათუმის ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობაა ბათუმის პიაცა. ეს არის ადგილი, სადაც საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად თავს იყრის უამრავი ტურისტი თუ ადგილობრივი მაცხოვრებელი. ეს არის მოედანი, რომელიც გარშემორტყმულია მრავალი რესტორნით, კაფეებითა და ბარებით. პიაცას ირგვლივ რამდენიმე ქუჩა გადის, რომელიც სავსეა ორი და სამსართულიანი, ძველი,თაღებიანი და აივნიანი სახლებით, რომელთა პირველ სართულზე მაღაზიების და კაფეების ბრჭყვიალა ვიტრინები ეპატიჟებიან გამვლელთ.  ამ ძველი სახლების თაღებს გასცდებით თუ არა, ნამდვილ ბათუმურ კოლორიტულ ეზოებშიც მოხვდებით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ბათუმი
Leaflet | © OpenStreetMap contributors
გაზიარება

მსგავსი ადგილები

კოლონადები
კოლონადები

ისტორიული ძეგლი ბათუმი

ბათუმის პორტი
ბათუმის პორტი

ისტორიული ძეგლი ბათუმი