ბათუმის ბოტანიკური ბაღი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც გამორჩეულია თავისი მდებარეობით, უნიკალური ფლორისტული დაგეგმარებით, სუბტროპიკულ მცენარეთა კოლექციით, საუკუნოვანი მერქნიანი ხეებითა და პანორამული ხედებით შავ ზღვაზე.
ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 კმ-ის მოშორებით, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარეობს. ბაღში 9 ფლორისტული განყოფილება, 3 პარკი და კოლხური ნაკრძალია. აქ შეხვდებით 1800-მდე მერქნიან და 5000-მდე ბალახოვან მცენარეს. ბაღის ტერიტორიაზე არის აღმოსავლეთ აზიის, ჰიმალაის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, მექსიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, ხმელთაშუა ზღვისა და ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფიტოგეოგრაფიული განყოფილებები. აქ თავმოყრილია ციტრუსოვანი, კამელიების, ვარდებისა და სხვა კოლექციები.
ბოტანიკურ ბაღს სამი სხვადასხვა შესასვლელი აქვს. მთლიანი ბაღის დათვალიერებას საშუალოდ 2-3 საათი სჭირდება, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, ამ გზის გავლა ელექტრომობილითაც შეგიძლიათ, რომელსაც იქვე დაიქირავებთ. ბაღში ასევე შესაძლებელია კვების ობიექტით სარგებლობა, პიკნიკისა და კემპინგის მოწყობა, ექსკურსიამძღოლის აყვანა, საქორწილო ცერემონიის ჩატარება და სასურველ მცენარეთა შეძენა.
ბოტანიკური ბაღი იდეალური ადგილია ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის. შეიძლება ითქვას, რომ ის ტურისტების მიერ ყველაზე მონახულებადი ადგილია ბათუმში, თუმცა ბათუმელების საყვარელი ადგილიცაა.
შესვლის ფასი:
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის-25 ლ
საქართველოს მოქალაქეებისათვის - 10ლ.
სტუდენტი / პენსიონერი - 5ლ.
სკოლის მოსწავლეები-2 ლ
ბავშვები 6 წლამდე-უფასო